მომსახურება
ოტორინოლარინგოლოგია



ოტოლარინგოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სპეციალიზებულია ყურის, ცხვირისა და ხახის დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პრევენციაზე.

კლინიკა კურაციოში წარმოებული ოტოლარინგოლოგიური სერვისებია: ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია და აგრეთვე, ქვემოთ ჩამოთვლილი და აღწერილი პროცედურები.

ტონალური აუდიომეტრია

ტონალური აუდიომეტრია სუბიექტური, არაინვაზიური და უმტკივნეულო კვლევის მეთოდია, რომელიც ადგენს სმენადობის სიმახვილეს, დაქვეითების ხარისხს და მისი გამომწვევი პათოლოგიური პროცესის ხასიათსა და ლოკალიზაციას. გამოსაკვლევი პირი თავსდება სპეციალურ, ხმებისგან იზოლირებულ ოთახში, ყურებზე ერგება ყურსასმენი, რომლის საშუალებითაც მიეწოდება სხვადასხვა ინტენსივობისა და სიძლიერის ბგერები. სპეციალურ გრაფიკულ გამოსახულებაზე მოინიშნება ბგერის სიძლიერის ის მინიმალური მაჩვენებელი, რომელსაც პაციენტი აღიქვამს და მიიღება სმენის სიმახვილის გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც აუდიოგრამა ეწოდება. 
კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

გოგირდის საცობის ამოღება

ეს არის არაინვაზიური, უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც გულისხმობს ყურის გარეთა სასმენ მილში დაგროვილი გოგირდოვანი საცობის მოცილებას მშრალი (ელექტროსაქაჩის და მიკროინსტრუმენტების) ან სველი (წყლით- ჟანეს შპრიცის გამოყენებით) წესით.

ევსტახის მილის დილატირება

ევსტახის მილის დილატირება ტარდება ცხვირიდან ყურში გამავალი მილის შევიწროებისას, ან დახშობისას, რომელიც ვითარდება ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა ინფექციების შედეგად და თან ახლავს სმენის დაგუბება, ხმიანობა ყურებში, სიმძიმის შეგრძნება და სხვ. აღნიშნული მეთოდი ნიშნავს ევსტახის მილის გაფართოებას არაინვაზიური, უმტკივნეულო პროცედურით, რომელიც მოიცავს დაფის აპკის პნევმომასაჟს (ზიგლეს ბალონით) და ცხვირის სავალიდან ჰაერის ჩაბერვას პოლიცერის ბალონის საშუალებით.