ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მრავალი სხვადასხვა დაავადების მკურანოლობისთვის იყენებს ფიზიკურ საშუალებებს.
კლინიკა კურაციოში წარმოებული ფიზიოთერაპიული სერვისებია: ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია და აგრეთვე, ქვემოთ, ჩამოთვლილი და აღწერილი პროცედურები.
ხერხემლის ჩონჩხოვანი დაჭიმვა
ხერხემლის ჩონჩხოვანი დაჭიმვა (სპინალური დეკომპრესია, ან ტრაქციული თერაპია) გამოიყენება ტკივილის მართვაში ხერხემლის ისეთი დაავადებების მკურნალობისას, როგორიცაა: დისკოზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ქრონიკული წელის ტკივილი.
ხერხემლის ჩონჩხოვანი დაჭიმვის დროს გამქაჩავი ძალის ნელ-ნელა გაზრდით ხდება კუნთების წინააღმდეგობის ძალის მინიმუმამდე დაყვანა, იხსნება ზეწოლა მალთაშუა ნერვებზე, თანდათანობით იზრდება მალთაშუა სივრცე; შესაბამისად ხდება თიაქრის ზომის შემცირება, იხსნება შეშუპება, ჭარბი კუნთოვანი დაჭიმულობა.
გალვანიზაცია და ელექტროფორეზი
გალვანიზაცია გულისხმობს სხეულის გარკვეულ უბანზე დაბალი სიმძლავრისა და ძაბვის მუდმივი დენით ზემოქმედებას. ამ პროცედურის დროს ხდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გააქტიურება, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, ქსოვილების ტროფიკა.
ელექტროფორეზი (იონოფორეზი) ფიზიოთერაპიული მეთოდია, რომლის ეფექტი მიიღწევა გალვანური დენის და ორგანიზმში შეყვანილი სამკურნალო ნივთიერებების ერთდროული მოქმედებით.
ულტრაბგერითი თერაპია და ფონოფორეზი
ულტრაბგერითი თერაპია გულისმობს სხეულის გარკვეულ უბანზე ულტრამაღალი სიხშირის ბგერებით ზემოქმედებას. ამ მეთოდის საშუალებით აქტიურდება სისხლის და ლიმფის მიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა, უჯრედების რეგენერაცია. მას, აგრეთვე, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ფონოფორეზი ფიზიოთერაპიული მეთოდია, რომელიც სხეულის კონკრეტულ ადგილას სამკურნალო პრეპარატის შეყვანას ახდენს ულტრამაღალი სიხშირის ბგერების მეშვეობით.
დარსონვალი
დარსონვალი წარმოადგენს მაღალი სიხშირისა და დაბალი სიმძლავრის, ცვლადი იმპულსური ელექტრული ველის მოქმედებას კანზე. ამ მეთოდს გააჩნია ანტიბაქტერიალური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მისი გამოყენება აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ტურგორს, ააქტიურებს უჯრედებში ჟანგბადის ცვლას, აუმჯობესებს ვენურ ცირკულაციას.
ამპლიპულსთერაპია
ამპლიპულსთერაპია სინუსოიდური, მოდულირებული დენების და იმპულსების ზემოქმედებაა ადამიანის ორგანიზმზე. მის გამოყენებას სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, საფუძვლად უდევს სინუსოიდური მოდულირებული დენის ზემოქმედებით ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციური მდგომარეობის, პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და ქსოვილების ტროფიკის გაუმჯობესება.
ელექტროსტიმულაცია
ელექტროსტიმულაცია წარმოადგენს სხეულის სხვადასხვა უბანზე სუსტი სიმძლავრის იმპულსური დენებით ზემოქმედებას. ეს პროცედურა მოქმედებს კუნთების მეტაბოლიზმზე, იწვევს მათი ტონუსის მომატებას, ააქტიურებს რეგენერაციის პროცესს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ლაზეროთერაპია
ლაზეროთერაპიის დროს მკურნალობა ხდება დაბალინტენსიური ლაზერული გამოსხივების გამოყენებით. ლაზერის სხივი ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციას, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიოციდული, ბაქტერიოსტატიკური, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი, ანტიკოაგულანტური, ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ჩვენს კლინიკაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება ლაზეროთერაპიის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა ჰელიუმ-ნეონის ლაზერით სისხლის დასხივება ინტრავენური გზით, აგრეთვე გარეგანი კომბინირებული დასხივება ინფრაწითელი და წითელი ლაზერებით.